რუსული ჯარები უკვე აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან – არახამია

ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ ოკუპანტები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ.

მისი თქმით, 4 მაისის საღამოს მდგომარეობით უკრაინის ხელისუფლებას უკვე აქვს კონტაქტი ქარხანაში მყოფ მებრძოლებთან.

“ქარხანაზე შტურმის მცდელობები უკვე მეორე დღეა გრძელდება. რუსული ჯარები უკვე იმყოფებიან აზოვსტალის ტერიტორიაზე“, – განაცხადა არახამიამ.

მედიის ცნობით, მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.

დღეს საღამოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ აზოვსტალის ბლოკირებას და ცდილობენ უკრაინის დანაყოფების განადგურებას. მათი ცნობით, მტერი ქარხანაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, თუმცა წარმატება არ აქვს.

ცნობისთვის, დღეს УКРАИНСКАЯ ПРАВДА-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ.