რუსულ იმპერიალიზმთან ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეუთავსებელია – “დროა”

რუსულ იმპერიალიზმთან ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეუთავსებელია – ასე ეხმაურება “დროა” ა დმიტრი მედვედევის პოსტს, იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.

” პარტია „დროას“ გვსურს, გამოვეხმაუროთ დიმიტრი მედვედევის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერის გუშინდელ განცხადებას. მედვედევმა რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე-ში“ დაწერა პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ აღიდგენს რუსეთი ძველ დიდებას კიევისა და რუსეთის იმპერიის სლავური მიწების დაბრუნებით და როგორ იქნება ეს მხოლოდ დასაწყისი რუსეთის საზღვრების სრული აღორძინების გზაზე, რომლებიც, მისი თქმით, არსად მთავრდება.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა თავის პოსტში განსაკუთრებით გამოყო საქართველო და ჩრდილოეთ ყაზახეთი. „საქართველო რუსეთის იმპერიასთან მიერთებამდე არც კი არსებობდა, მის ტერიტორიას იკავებდა ხუთი სუვერენული პოლიტიკური ერთეული: ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, გურიის, სამეგრელოსა და სვანეთის სამთავროები“,- დაწერა მედვედევმა. მისი თქმით, საქართველოს გაერთიანება ისევ მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაშია შესაძლებელი. ხოლო რუსეთთან გაერთიანება კი ჩვენ თავად გვსურდა ყოველთვის.

უნდა ითქვას, რომ მედვედევის ფილოსოფიაში სიახლე არაფერია, ამ იდეას იმეორებს რუსული იმპერიალიზმის ყველა გამხმოვანებელი დაწყებული დუგინითა და რუსი ჩინოვნიკებით, დამთავრებული საქართველოში არსებული პრორუსული ძალებითა და ფეისბუქ ტროლებით. ეს ნარატივი ემსახურება მითს, რომ რუსეთმა საქართველო ფიზიკურად გადაარჩინა, სულიერად კი იდენტობა შეუნარჩუნა და „ველური კავკასიელი“ ცივილიზებულ, ევროპეიზებულ ადამიანად აქცია. თანამედროვე საქართველოს რომ არჩევანი ისევ „ისტორიულ მტრებსა“ და რუსეთს შორის უდგას, ესეც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი საყვარელი მითია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გზავნილები არახალია, მედვედევის პოსტი მაინც არის ყურადღების ღირსი, რადგან იგი რუსეთის ომის მანქანაში მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს. სწორედ დიმიტრი მედვედევი იყო რუსეთის დე იურე პრეზიდენტი 2008 წლის ომის დროს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ კარგად გავაცნობიეროთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მეტია, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკა და რომ რუსეთს უბრალოდ არ სურს, რომ საქართველო და ქართველები არსებობდნენ.

რუსი პროპაგანდისტები ხშირად ავრცელებენ აზრს, რომ შესაძლებელია, შეინარჩუნო საკუთარი იდენტობა, იყო ქართველი, სომეხი, უდმურტი და ამავდროულად რუსი. სინამდვილეში, რუსეთი ქართულ იდენტობას თუ საქართველოს იდეას ყოველთვის ებრძოდა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეუთავსებელია რუსულ იმპერიალიზმთან.

პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ დღეს ბრძოლის ხაზი გადის იმაზე, რომ გადავწყვიტოთ რა გვინდა – ვიყოთ პოლიტიკური ერი და გვქონდეს სახელმწიფო თუ გვინდა, ვიყოთ ეთნოგრაფიული ჯგუფი რუსეთის ფრთის ქვეშ. ეს კი იმ ფონზე, როდესაც რუსეთი „ქართული ოცნების“ შეგნებული არჩევანია, რადგან  ქვეყანა მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ.

თუმცა, გვჯერა, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს საკუთარი სახელმწიფოებრიობის ევროპული ისტორია და ხედავს ვინ უშლის ხელს დამოუკიდებელი, თავისუფალი, განვითარებული და ევროპული ოჯახის წევრი ქართული სახელმწიფოს იდეისკენ სვლას.”- წერია პარტიის განცხადებაში.