რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი? – კულება ნავთობკომპანია Shell-ს მიმართავს

“რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი?”- ასე მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროპის უმსხვილეს ნავთობის კომპანიას Shell-ს, რომელმაც კულებას თქმით, რუსეთისგან ნავთობი ფარულად შეისყიდა.

“მითხრეს, რომ Shell-მა გუშინ ფარულად იყიდა რუსული ნავთობი. ერთი შეკითხვა მაქვს Shell-ის მიმართ: რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი? მოვუწოდებ ყველა შეგნებულ ადამიანს მთელ მსოფლიოში მოითხოვოს ტრანსნაციონალური კომპანიისგან გაწყვიტოს ყველანაირი საქმიანი კავშირი რუსეთთან”, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2 მარტს,  ნავთობის კომპანია Shell-მა განაცხადა, რომ დატოვებს ყველა თავის რუსულ ოპერაციებს, მათ შორის, სახალინის 2 LNG ქარხანას, რომელშიც ის ფლობს 27,5%-იან წილს.