რუსულ ჯარს აქვს ინფორმაცია, რომ ომი სექტემბრამდე გაგრძელდება – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსულ არმიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ვადა 2022 წლის სექტემბერამდეა განსაზღვრული.

მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაცია განიხილავს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დროებით ოკუპირებულ ყირიმში შეყვანის და შემდგომში რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას.

დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ საბოლოოდ დაამყარესს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“პირველ მაისს ჰენიჩესკში ახლად დანიშნულმა „საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა“ ანდრეი კლოჩკომ მოაწყო რუსეთის დროშის საზეიმო აწევა, თუმცა ქალაქელებმა რაშისტული „დღესასწაული“ უგულებელყვეს.

როსტოვის რეგიონის არაერთმა კერძო საწარმომ მიიღო შეკვეთა მარიუპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციისთვის ბეჭდებისა და შტამპების დამზადების შესახებ. იმ დაწესებულებების სიაში, რომლებიც ახალ “ატრიბუტიკას” მიიღებენ, არიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, პოლიცია, რეესტრის ოფისებე და ადმინისტრაციული დაწესებულებები. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ახლა მთლიანად განადგურებულია რუსეთის ჯარის მიერ”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე ცნობით, შეკვეთილ შტამპებსა და ბეჭდებზე არის წარწერა: „რუსეთი, დონბასის რესპუბლიკა, მარიუპოლი, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია“.