საავადმყოფოში ექთანთან მქონდეს სექსი, ამ დროს ვიღაც მაჯარიმებს.. ხომ არ არის კარგი? – მეგრელიშვილი რეგულაციაზე

”წარმოიდგინეთ, მაქვს საავადმყოფო და ვცხოვრობ – ფაქტობრივად, ჩემი სახლია, ექთანთან მქონდეს სექსი და ამ დროს ვიღაცას შემოსვლის უფლება აქვს, რათა დამაჯარიმოს! ხომ არ არის კარგი?” – ამის შესახებ, გირჩის დეპუტმა ვახო მეგრელიშვილმა,  პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ  ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით სამედიცინო დაწესებულებებზე საკუთრების უფლება იზღუდება.

“კლინიკებში განყოფილებები უნდა დაინგრეს, დაიწყოს რემონტები იმისთვის, რომ რეგულაციებში ჩასხდნენ, ხოლო თუ არ ჩასხდებიან – დაიხურებიან. წარმოიდგინეთ, მე მაქვს საავადმყოფო და ვცხოვრობ – ფაქტობრივად, ჩემი სახლია, ექთანთან მქონდეს სექსი და ამ დროს ვიღაცას შემოსვლის უფლება აქვს, რათა დამაჯარიმოს! ხომ არ არის კარგი? რაღაც კომპანიაში ყველაფრის უფლებს აქვს პოლიციელს.  ასეთი რამ სახლზე რომ დავწეროთ, წარმოგიდენიათ?! ეს ხო ჩამორთმევაა კერძო საკუთრების? თქვენ ამ რეგულაციით ფაქტობრივად კერძო საკუთრების უფლებას ზღუდავთ სამედიცინო დაწესებულებაზე”.- განაცხადა  მეგრელიშვილმა.

პარლამენტში, დაჩქარებული წესით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.

კანონის პროექტს ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

მაკონტროლებელ ორგანოს უფლებამოსილება ეძლევა, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიყენოს, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს ჯანდაცვის მინისტრი დაამტკიცებს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეეძლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს საქმიანობის უფლება შეუჩეროს.

კანონის პროექტის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა და მათ აღსრულებას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.

ამავე პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები იზრდება.

სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება.

ასევე, სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას ელექტრონული დაჯარიმების შესაძლებლობა შემოდის.