სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობაც არსებობს – ადვოკატი გლდანის ციხეზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გლდანის ციხის კლინიკაში მიმდინარეობს “მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”.

“აქ არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა, აქ არ არის არანაირი უფლება გარანტირებული, აქ არის მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილი იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. მისი ფიზიკური უსაფრთხოება დგას სერიოზული რისკის ქვეშ. როცა ჩვენ შევედით, მთელი ციხე ყველა კორპუსი, გამოსვლისას განსაკუთრებით, ორგანიზებულად ადვოკატებსაც კი გვიწყობდნენ საშინელ ობსტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი და არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც გადავიდნენ. მათი სურვილია კრიმინალის ხელით სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება, დამცველებზე ანგარიშწორება”. – ამბობს ბასილაია.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილამდე მისასვლელ დერეფანში არის პოსტი, მაგრამ მოძრაობა არის თავისუფალი.

“ეს ნიშნავს, რომ დაგეგმვის და ორგანიზების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის შესაძლებლობაც არსებობს აქ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს აქედან მისი გადაყვანა. ეს არის მესამე პრეზიდენტის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა”, – აღნიშნავს ადვოკატი.