სააკაშვილის დაპატიმრება მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა, მათ ვნებს – ბრაიზა

სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ “სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა”.

“იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი დაემთავრებინა, მთავრობამ ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვშიშობ, რომ ქართული პოლიტიკა კიდევ ერთხელ ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისშია”, – ამბობს ბრაიზა.

მისი აზრით, მთავრობას შეეძლო, სააკაშვილი არ დაეპატიმრებინა, ახლა კი ეს “პოლიტიზირებულ დაკავებად გამოიყურება და მთავრობას ძალიან ვნებს”.

ბრაიზა აღნიშნავს, რომ დეესკალაციისთვის გზები არსებობს, მაგალითად, დაინიშნოს “ნამდვილი სასამართლო” იმ ბრალდებებზე, რომელიც მას წაყენებული აქვს.

“საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი,მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი და ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ვაშინგტონში ხედავენ.

ნებისმიერი ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს აპატიმრებს ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული. ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია არაჯანსაღია, რომელშიც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური მიზნებით აპატიმრებს”,– აცხადებს მეთიუ ბრაიზა.