სააკაშვილის ოთახი უყურებს პატიმრების კორპუსს, არ აქვს საშუალება გამოაღოს ფანჯარა მაშინვე იწყება ხმაური – ადვოკატი

“მიხეილ სააკაშვილის ოთახი უყურებს პატიმრების კორპუსს, ამიტომ მას არ აქვს საშუალება, გადაწიოს ფარდა, გამოაღოს ფანჯარა, ღამით აანთოს შუქი, რადგან როგორც კი ამას აკეთებს, იწყება ხმაური”  – ამის შესახებ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

„პირველი ორი დღის განმავლობაში ხმაური უწყვეტ რეჟიმში იყო. ხმაური შეწყდა ძალიან ცინიკურად მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და Amnesty International-მა გაავრცელა ძალიან მკაცრი განცხადება, სადაც დაწერეს, რომ სააკაშვილის საქმე არის არამხოლოდ შერჩევითი მართლმსაჯულება, არამედ ცხადი პოლიტიკური შურისძიება. ამის შემდეგ შეწყდა ეს ე.წ. შუმოკი. დღის განმავლობაში იქ რუზრუზი აღარ არის, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატა თუ საკანი უნდა იყოს მიქცეული პატიმრების კორპუსის მხარეს და არა გარე პერიმეტრის მხარეს. ის შეასახლეს იმ ოთახში, რომლის ფანჯარა უყურებს პატიმრების კორპუსს, ამიტომ მას არ აქვს საშუალება, რომ გადაწიოს ფარდა, გამოაღოს ფანჯარა, აანთოს შუქი ღამით თავის პალატაში იმიტომ, რომ როგორც კი ამას გააკეთებს იწყება ხმაური და დღის განმავლობაშიც კი პრეზიდენტი იძულებულია, რომ ხელოვნური განათების შუქზე იმყოფებოდეს მთელი დღის მანძილზე და მზის სინათლეს პრაქტიკულად ვერ ხედავს. მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა იქ სახარბიელო ნამდვილად არ არის, არის მუდმივი საფრთხის შეგრძნება, მათ შორის, ფიზიკური საფრთხის შეგრძნება, იმყოფება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და მისი პირობები არ შეიძლება ნორმალურად შეფასდეს. მე ვფიქრობ, რომ ევროპული სასამართლოს სტანდარტით შეიძლება ეს იყოს არაადამიანური მოპყრობა მის მიმართ“, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.