სააკაშვილი: ბაკურიანში საბაგიროზე მაგინეს, დაცვას ვუთხარი – არც გაბედოთ მისვლა!

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხსენებს, რომ მას საბაგიროზე აგინეს, თუმცა დაცვის წევრს მასთან მისვლის უფლება არ მისცა.

“დაახლოებით 2006–2007 წელი იყო, ბაკურიანში ვიყავი შვილთან ერთად, საბაგიროზე. ისეთი გინება წამოვიდა გვერდზე ვიღაც ტიპებისგან, რომ ჩემი დაცვის წევრმა მკითხა, ხომ არ მივიდე და დაველაპარაკოო, მე ვუთხარი – არც გაბედოთ ოდესმე მისვლა!

სხვათაშორის, გინების კორიანტელი იყო, როცა ჩემმა შვილმა გინესის რეკორდი დაამყარა, მაგრამ გაგიგიათ ოდესმე, რომ ჩემი დაცვის წევრი ვინმესთან მისულიყო?

რაც შეეხება დედაჩემს, მე ვკითხე და ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა, როცა ანსამბლებისთვის რამდენიმე გასტროლს ამზადებდა”, – თქვა სააკაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მინისტრებს მის ნათესავებთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდათ.

“ერთხელ ერთმა ჩემმა ძალიან ახლო ნათესავმა მითხრა, რომ ამ მინისტრს ვურეკავ და არ იღებს ყურმილსო, მე ვუთხარი, შენ ვინა ხარ, რადგან ჩემი გვარი გაქვს, შენი დარეკილი რატომ უნდა აიღოს–მეთქი. ყველა მინისტრი გაფრთხილებული იყო, რომ პრეზიდენტის ოჯახის მიმართ არამხოლოდ პრივილეგიები არ შეიძლება გამოყენებული იქნას, არამედ, არ შეიძლება მათთან კომუნიკაცია. იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა შევარდნაძის მწარე გამოცდილება”,– ამბობს სააკაშვილი.