სააკაშვილი დახმარების გარეშე ვეღარ გადაადგილდება – ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება და მას დახმარება ესაჭიროება. გვარამია ვარაუდობს, რომ სააკაშვილი ვეღარც შეხვედრების ოთახში მისვლას მოახერხებს და პრაქტიკულად დაცვის უფლების გარეშე დარჩება. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია ვიზიტი მის საკანში შედგეს, თუმცა ეჭვი ეპარება რომ ამის ნებას დართავენ. ამის შესახებ მან რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა, სადაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

”მისი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია, მე რაც ვნახე ბოლოს. რეალურად, ვეჭვობ, რომ ის პროცესზე ვერ მოვა. ვეჭვობ კი არა, ამაში დარწმუნებული ვარ. მეტსაც გეტყვით, მე არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება ამ შეხვედრების ოთახში მასთან კიდევ შედგეს ასე ვთქვათ შეხვედრები.

პრაქტიკულად, გამოვა, რომ ის დაცვის უფლების გარეშეც დარჩება. იმიტომ რომ ადვოკატები თუ მას ვერ ვნახავთ შეხვედრების ოთახში, ფაქტია, რომ ერთადერთი გამოსავალია, ამ ვითარებაში თუ დატოვეს ის, რაც მყისიერი სასიკვდილო საფრთხის წინაშეა ყოველწუთიერად, ერთადერთი გამოსავალია ვნახოთ, ვიზიტი იყოს მის საკანში, რასაც ვიცით, რომ არ დაუშვებენ.

მიხეილ სააკაშვილი, რელურად, უკვე ვეღარ გადაადგილდება დახმარების გარეშე. ახლა ვნახეთ, დათვალიერება როგორც მოხერხდა მისი, როგორც შევძელი, უკვე დასიებული აქვს სახსრები და პრაქტიკულად, შთაბეჭდილება რჩება, რომ ამოვარდნილი აქვს კოჭი. მე არ ვარ სპეციალისტი და სახსრების განლევაც შეიძლება უკვე იყოს დაწყებული, ამას ექიმები იტყვიან, როგორც ვიცი რენტგენის სურათიც გადაღებულია უკვე.

მისი წონა ისტორიულ მინიმუმზეა, უფრო ნაკლებია, ვიდრე შიმშილობის დროს და როგორც იცით, შიმშილობის დროს, უკვე განმარტეს ექიმებმა, რომ შიმშილობის დროს ხდებოდა ცხიმების წვა, მიმდინარეობს კუნთების ქსოვილის წვა, რაც არის კატასტროფა. ისტორიულ მინიმუმზეა ასევე მისი ჰემოგლობინის მაჩვენებელი, ორნიშნას ჩამოცდენილია და ცილების მაჩვენებელიც ისტორიულ მინიმუმზეა”.- აცხადებს გვარამია.