სააკაშვილი: ივანიშვილმა სახლების შეძენა შემომთავაზა, მე ვუთხარი, არც გაიფიქროთ!

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ბიძინა ივანიშვილმა მისთვის და მინისტრებისთვის სახლების შეძენა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი უთხრა.

მისივე თქმით, ივანიშვილი მასთან შეხვედრაზე “მლიქვნელურად” შედიოდა.

“ივანიშვილმა ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური. ეს ახასიათებთ ასეთ ადამიანებს – ვინც მათ ზემოთ არის იმათ უნდა ემლიქვნელონ და ვინც მათ ქვემოთ არის, უნდა დაჩაგრონ, ამიტომ არ მიყვარს მლიქვნელობა.

ერთ–ერთ შეხვედრაზე შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა, მე ვუთხარი, არც გაიფიქროთ ეს აზრად და არ მიეკაროთ არავის საერთოდ. ეს ყველამ იცოდა მშვენივრად. ჩვენთან ნეპოტიზმი, პირად გამორჩენაზე ლაპარაკი გამორიცხული იყო”,– ყვება სააკაშვილი მთავარ არხთან საუბრისას.