სააკაშვილი მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს – მშვენიერაძე

ფოტო: რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

„დღეს პირველად შევხვდი მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ, რაც პატიმრობაში იმყოფება, ამიტომ არ შემიძლია, შევადარო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დღეებში, თუმცა დღეს სისუსტეს გრძნობს, ცხადია. მე არ ვარ ექიმი და გამიჭირდება უფრო კონკრეტული დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მძიმეა ან არ არის მძიმე მისი მდგომარეობა.

ის აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით. მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს დავის გაგრძელება. მათ შორის დავათა ნაწილი არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წაღებული. მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც დაზარალებულის უფლებების კუთხით მუშაობაც, რადგან ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის. ეს ის ნაწილებია, რომელთან მიმართებაშიც, მე კიდევ მექნება შეხვედრა მასთან უახლოეს დღეებში.