სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს – შაჰინი

“სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს “-  ასე აფასებს, სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას. მისი თქმით, წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. სენატორთან ინტერვიუს, “ამერიკის ხმა” ავრცელებს. სენატორმა ასევე განაცხადა, რომ სენატში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან.

“ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება.

მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ.”- განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

კითხვაზე : რა მოლოდინები გაქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით?

” ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მე მაწუხებს წინასაარჩევნო ძალადობა, რომელიც უკვე მოხდა. როდესაც საქართველო ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ გაიგონ ის, რომ მთელი მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება.”- განაცხადა შაჰინმა.