სააკაშვილს ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში – EPP

ევროპარლამენტის უდიდესი ფრაქცია და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტია ევროპის სახალხო პარტია (EPP) მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.

მათი თქმით, შეშფოთებულები არიან ექსპრეზიდენტის მდგომარეობით.

“ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების გამო და როგორც ადამიანის, რომლის წინააღმდეგაც სასამართლო პროცესი იმართება. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში”. – აცხადებს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, EPP ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი.

გალერი აღნიშნავს, რომ გასულ თვეში საქართველოს მთვარობამ შექმნა სამედიცინო კონსილიუმი – სპეციალური ორგანო, რომლის მიზანია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ განხორციელებულა.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად და სასწრაფოდ განახორციელოს ისინი,“– აცხადებს EPP-ს სპიკერი.