საარჩევნო აჟიოტაჟის შემდეგ, ლარის კურსი წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ არის, არამედ ბაზარე უცხოური ვალუტის მიწოდება.

“შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა”,– წერს ფეისბუქზე გვენეტაძე.
მისივე განმარტებით, წინასაარჩვევნო აჟიოტაჟის შემდეგ, ლარის კურსი “წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება”.
“მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება”,– წერს კობა გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის, ამიტომ ეროვნული ბანკი ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით ამ კრიზისს “მინიმალური დანახარჯებით გადალახავს”.
ცნობისთვის, მხოლოდ სექტემბერში ლარი დოლართან მიმართებით 18 თეთრით გაუფასრუდა, ხოლო ევროსთან – 16 თეთრით.
2020 წელს სებ-მა სულ 420 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.