სააღდგომო პროვოკაცია – ხურვალეთში ე.წ. საზღვარი 4-მა პირმა გადმოკვეთა

სააღდგომო პროვოკაცია – ხურვალეთში ე.წ. საზღვარი 4-მა პირმა გადმოკვეთა. საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები მონიტორინგისთვის გუშინ, 2 მაისს საღამოს შევიდნენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი სამხედროების მანქანით ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 4 პირი გადმოვიდა, რასაც პოლიციისგან რეაგირება და საოკუპაციო ხაზთან დაპირისპირება მოჰყვა.

”ხურვალეთში გუშინ განვითარებული ამბავი ამ ეტაპისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:
რუსების “ტაბლეტკით” სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2 ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა ისინი, გააბრუნა უკან.
2 ჯერვე ეს “სამოქალაქო პირები” დაბრუნდნენ რუსების საგუშაგოზე და თავისი მცდელობები განახორციელეს იმ დროს, როდესაც პოლიცია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა.
ეს არის ამ ეტაპზე ინციდენტის აღწერა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჩვენ ვბრუნდებით ხურვალეთში”- აცხადებს ქაცარავა.