საბანაოდ მომვლელებს შევყავდით და ძალადობდნენ. დედაოები უყურებდნენ – პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

” ამ ყველაფერს დედაოები უყურებდნენ. საბანაოდ მომვლელებს შევყავდით და იქაც ძალადობდნენ, ფიზიკურადაც გვეხებოდნენ” – “კურიერი” ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის ექსკლუზიურ ინტერვიუს ავრცელებს. ყოფილი აღსაზრდელი, დაწესებულების თანამშრომლებს ძალადობაში ამხელს და საკუთარ ვინაობას არ ასახელებს.

“პანსიონატში მე, ჩემი ძმა და და მოვხვდით ერთად. სკოლაში ხელითაც გვეხებოდნენ, მასწავლებლები მსხვილ ჯოხებს გვირტყამდნენ ფეხში, თავში ან სადაც მოახერხებდნენ. გვაშიმშილებდნენ, შემდეგ საჭმელს ვიპარავდით, ან ერთმანეთის ლოგინთან დაყრილ ნაფჩხვენებს ვჭამდით. ერთმა ბავშვმა გაბედა და შეეწინააღმდეგა აღმზრდელს და ამის გამო, ერთი კვირის განმავლობაში, არც ერთი ღამე არ დააძინეს და შეშა აჩეხინეს.

ნინოობის დღესასწაულზე სასულიერო პირები, მამაოები მოდიოდნენ მთელი საქართველოდან. თვითონაც იცოდნენ, იქ რა სიტუაციაც იყო, მაგრამ ამით არ ინტერესდებოდნენ. ჩვენ ვერ ვბედავდით მათთვის ამ ძალადობაზე საუბარს.

ხშირად ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე, შიმშილისგან გულიც კი მიმდიოდა ხოლმე, ფიზიკურად ვერ ვუძლებდი, გვაიძულებდნენ მთელი ღამე ეკლესიაში გაგვეთენებინა. პატარა უპატრონო ბავშვი ერთხელ ისე დააგდეს დაბლა, ძლივს უშველეს და გადაარჩინეს. ამ ყველაფერს დედაოები უყურებდნენ. საბანაოდ მომვლელებს შევყავდით და იქაც ძალადობდნენ, ფიზიკურადაც გვეხებოდნენ. მიხაროდა თავიდან სასულიერო სკოლაში და თავშესაფარში რომ მივდიოდი, მაგრამ იქ რომ მივედი, სასულიეროსი არაფერი დამხვდა, ერთი ის იყო, რომ მხოლოდ ეკლესია იდგა. მე ამ სკოლამ დიდი იარა დამიტოვა.”- ამბობს “კურიერთან” ყოფილი აღსაზრდელი.