საბერძნეთი კარანტინიდან გამოდის

საბერძნეთი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. ორშაბათიდან სილამაზის სალონების მუშაობა განახლდა, თუმცა მკაცრი სანიტარული მოთხოვნებით. ყველაზე დიდი მოთხოვნა დღეს სწორედ ამ მომსახურებაზეა. უახლოესი ერთი კვირის მანძილზე სალონების უმრავლესობაში ყველა წუთი დაკავებული და გაწერილია.

ბერძნულ ბიზნესს ფრთხილი ოპტიმიზმი გაუჩნდა. იხსნება საცალო ვაჭრობის მაღაზიებიც.

კორონავირუსის ეპიდემია საბერძნეთში კლებისკენ წავიდა და გაჩნდა  იმედი, რომ ეკონომიკური ვითარებაც გამოსწორდება. თუმცა შეწყვეტილი საქმიანობის აღდგენა ბევრისთვის რთულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც სოციალური დისტანციის ახალი წესების დაცვა ადვილი არ არის.

ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაც ყველასთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

პატარა წიგნის მაღაზიის მფლობელი, არეტი გეორგილი ამბობს: “საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს, და ამ პირობებში მუშაობის განახლება ძალიან რთულია. პატარა წიგნის მაღაზია ხომ მხოლოდ სავაჭრო წერტილი არ არის. ეს არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც წიგნს ირჩევთ, ფულს იხდით და მიდიხართ. აქ ისეთი რამ ხდება, რაც სოციალური დისტანცირებისგან სრულიად განსხვავდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთ მაღაზიებში ერთგვარი თანამეგობრობები ყალიბდება. მათ ინტერნეტში ვერ შექმნი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია თუ მის წევრები უკვე იცნობენ ერთმანეთს, ახლა კი ამის გაკეთება შეუძლებელია. პატარა – 100–120 კვადრატულიანი მაღაზიების პატრონებს ძალიან რთულად უწევთ სრულიად ახალ რეალობასთან შეგუება“.

ათენის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა გახშირდა, თუმცა ვერ შეედრება იმას, რაც ეპიდემიამდე იყო, განსაკუთრებით ორშაბათობით. ამუშავებულ სავაჭრო ცენტრებთან გრძელი რიგები გაჩნდა. თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს ხალხმრავლობა არ შეიმჩნეოდა. ბერძნები ცდილობენ უსაფრთხო დისტანცია დაიცვან და დამცავ ნიღბებს ატარებენ. ეს ზომა სავალდებულო იქნება იქამდე, სანამ კორონავირუსის საფრთხე საბოლოოდ არ ამოიწურება.