პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმდჯომარე თეა წულუკიანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის და არა განაჩენი.
წულუკიანი აცხადებს, რომ შესაძლებელია მოსამართლემ ჩათვალოს, რომ ილიჩოვა და მელაშვილი საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ უნდა დაელოდონ.
„ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობისას და დღესაც, ვიყავით და ვართ მოწმენი იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვგონია, თითქოს პირი თუ არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის საბოლოო განაჩენი. სინამდვილეში, წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რათა ბრალდებულებისგან მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. შესაბამისად, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, გირაოთი ჩაანაცვლოს წინასწარი პატიმრობა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი კრიტერიუმით – კვლავ საჭიროა თუ არა ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა გამოძიების მიზნებისთვის.
„ქართული ოცნება“ იყო, არის და მომავალშიც იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მიმართ. თუკი დღეს აღმოჩნდება, რომ ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შედეგად გამოძიებამ მიიღო იმის მტკიცებულებები, რომ ბრალდებულები ასრულებდნენ ვიღაცის დავალებებს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვა მიზნებისთვის მათი პატიმრობაში ყოფნა იყოს დასაბუთებული, ან მოსამართლემ ჩათვალოს, რომ გამოძიება გავიდა ბოლოში და შესაძლებელია, რომ ეს პირები საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.