გაბუნია გამყრელიძეს პასუხობს და ამბობს, რომ საბჭოზე ექიმები უმრავლესობაში არიან

NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის საპასუხოდ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს შესახებ ამბობს, რომ ექიმები არა უმცირესობაში, არამედ უმრავლესობაში არიან.

“საკოორდინციო საბჭოს უნიკალურობა და სიძლიერე არის იმაში, რომ იქ წარმოდგენილია ყველა სექტორის წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები უმრავლესობაში ვართ სხვა სექტორებთან შედარებით, თუ ამას განვიხილავთ. როდესაც გადაწყვეტილებას შეეხება საქმე, ბუნებრივია საკოორდინაციო საბჭო ამ გადაწყვეტილებას იღებს დაბალანსებული ანალიზის საფუძველზე. ანუ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეპიდემიური რისკები, შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და ზოგადად, ქვეყნის განვითარების საჭიროებები”,– ამბობს გაბუნია.

მისივე შეფასებით, გადაწყვეტილებები, რომლებიც საბჭოზე მიიღება, გარკვეულწილად კონსენსუსის შედეგია.

ცნობისთვის, გუშინ გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები უმცირესობაში არიან, ხოლო პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა, ვიდრე ეპიდისიტუაცია.