ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მათ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს. საუბარია Adidas-ის და Nike-ის ტანსაცმელზე, რომელიც ქვემო ქართლში 3 ლოკაციაზე მოწყობილ სამკერვალოებში იკერებოდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე, ბრალდებულებს მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ამზადებდნენ მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი Adidas-ის და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ხსენებული ბრენდების დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც განკუთვნილი იყო კონტრაფაქციული საქონლის დასამზადებლად.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.“–ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.