საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, “საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, ისე როგორც დღეს არის, იქნება სრული კატასტროფა. ის ამბობს, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას ივანიშვილის კულტის შესაქმნელად იყენებს და საზოგადოებას არაადეკვატურ შეზღუდვებს უწესებს საზოგადოებას.

„თუ 9 საათის შემდეგ ვერ იკრიბება ხალხი კომენდანტის საათის გამო, 9 საათამდე ვერ შეიკრიბებიან? ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას პოლიტიკურად, რომ იყენებს ამას არც მალავენ. რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ახლა ივანიშვილის პიროვნების კულტის შესაქმნელად, კომიკური და სამარცხვინო ფორმით იყენებენ“, – თქვა ბოკერიამ.

მისივე თქმით, შესაძლებელია, შენარჩუნდეს კონკრეტული შეზღუდვები, რომლებიც რაციონალურია, მაგალითად, უცხოეთიდან შემოსული მოქალაქე ვალდებული იყოს, ჩაიტაროს ტესტი ან მოთავსდეს კარანტინში.

,,შეიძლება, იყოს რაღაც სხვა მინიმალური შეზღუდვები, რომელიც არის გონივრული, დანარჩენი ყველაფერი უნდა გაუქმდეს 22 მაისის მერე კი არა, იქამდე, გუშინწინ უკვე გასაუქმებელი იყო”, – აცხადებს ბოკერია.

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც მოესწრება საკონსტიტუციო ცვლილებები.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.