სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ – გვარამია ივანიშვილზე

“ახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ” – ამ სიტყვებით მიმართა, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარმაიამ, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ გვარამიამ, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი მეორეჯერ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს ჩემ წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრმა არ იცის, შეიძლება ბევრმა იცის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება და წესიერება, შეიძლება ბევრი პრობლემა მაქვს, ბევრი ცუდი თვისება მაქვს, მაგრამ კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე მეორეჯერ აღძრა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება.

პირველი საქმე, სადაც მე გავმართლდი, 3 თუ 4 დღე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმ სამ დღეში გადავწყვიტე, რომ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას, გარდა სხვა დანარჩენისა, რაც მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა. იქ იმ სამ დღეში მე გადაწყვიტე, რომ ჩემი თავი მსხვერპლად შემეწირა მისი გამწარებისთვის და ახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ. მე მგონი, არ დასჭირდება, ამ თვის ბოლოდან უკვე ისედაც ეგრე იქნება მაგრამ, მეც შევიტან ჩემ წვლილს ამაში, აუცილებლად”, – თქვა ნიკა გვარამიამ. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელზეც ნიკა გვარამიამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.