საელჩოები: მხარს ვუჭერთ ლგბტქ თემს საქართველოში

საქართველოში გაეროს, ევროკავშირის წარმომადგნელობა და საელჩოები ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტქ თემს მხარდაჭერას უცხადებენ.

მათი ერთობლივი განცხადებით, ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი.

“COVID-19 პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინაშე ადრე არსებულ უსამართლობასა და დაბრკოლებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ღირსეული სამუშაოს მიღების გზაზე.[1] ვაღიარებთ, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას საქართველოში მიიღოს მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა.

საქართველომ მიაღწია პროგრესს ლგბტქი+ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2014 წლის მაისში საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,[2] რომელიც ემყარება კონსტიტუციაში მოცემულ თანასწორობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრანსგენდერი პირის სამართლებრივ აღიარებას, პირველად – 2021 წელს”,– წერია საელჩოების განცხადებაში.

მათივე შეფასებით, სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი, არ იშურებს ძალისხმევას, რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კერძო და საზოგადოებრივ სივრცეებში ლგბტქი+ თემის მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საჭიროებას, ხელი შეეწყოს ლგბტქი+ საზოგადოებასთან დიალოგს, პრიორიტეტული პრობლემების განსაზღვრის და დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევების გამოძიების მონიტორინგის მიზნით.

საელჩოები მიესალმებიან სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

“ბევრ მონაწილეს ეკისრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი, იმისათვის რომ კანონით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი დაცვა ეფექტურად აისახოს ცრურწმენებსა და ძალადობაზე, რომლებსაც ლგბტქი+ პირები, ორგანიზაციები და მათი მოკავშირეები ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოში.

მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, მათი პასუხისმგებლობის სფეროებში განათლებისა და ხელმძღვანელობის გზით, მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციასა და სტიგმასთან ბრძოლას, მათ შორის ძალადობის თავიდან აცილების გზით, პატივისცემით და თანაგრძნობით განწყობილი საჯარო დისკურსის მიღებით,[4] დანაშაულის გამოძიებითა და სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემით, და ლგბტქი+ ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობის ხელშემშლელ ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებით.

საქართველო განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას COVID-19-ის პანდემიის ყველაზე უარყოფითი შედეგებისგან და იწყებს პოსტ-კრიზისულ აღდგენას. პანდემიაზე რეაგირების პროცესში, საქართველომ პირველად დაინახა სოციალური სოლიდარობის და ყველას, მათ შორის დაუცველი ლგბტქი+ პირების მხარდაჭერის სარგებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგივე სულისკვეთება დაეხმარება საქართველოს აღმოფხვრას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაცია და მიიღოს ყველა ადამიანის მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ძალა როგორც ქვეყნის სიძლიერის წყარო. ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების მიმართ პასუხისმგებლობის ხაზგასმით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან:

  • საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა;
  • ავსტრიის საელჩო;
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო;
  • ბელგიის საელჩო;
  • გერმანიის საელჩო;
  • გაერთიანებული სამეფოს საელჩო;
  • ესპანეთის საელჩო;
  • ისრაელის საელჩო;
  • იტალიის საელჩო;
  • კანადის საელჩო;
  • ლუქსემბურგის საელჩო;
  • ნიდერლანდების სამეფოს საელჩო;
  • ნორვეგიის საელჩო;
  • საბერძნეთის საელჩო;
  • საფრანგეთის საელჩო;
  • სლოვენიის საელჩო;
  • ფინეთის საელჩო;
  • შვედეთის საელჩო;
  • შვეიცარიის საელჩო;
  • ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო;
  • საქართველოში ევროსაბჭოს ოფისისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანეები.