საკარანტინე ზომების გამკაცრებისთვის უნდა ვიყოთ მზად – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი გამკაცრდება.

“ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც არის უაღრესად საყურადღებო. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, უაღრესი ყურადღება გვმართებს.

განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება, ძირითადად, კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლების გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისისა და ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებსა თუ ბაზრობებზე.

ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი – ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი. ასევე, ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება”, – ამბობს გახარია.

მისი თქმით, საკარანტინე ზომების გამკაცრებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

“საყურადღებოა ის, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების სწრაფად გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, – განაცხადა გახარიამ.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 085 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 911 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი გარდაიცვალა.