საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთის საგარეოს განცხადებას, რომელმაც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის სურვილი გამოთქვა.
უწყების ცნობით, 2021 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა.
მათივე ინფორმაციით, რუსეთთან საუბარი ვერ შედგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.
“საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები”, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.