გთავაზობთ, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი – რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას სთავაზობს.

მათივე თქმით, აუცილებელია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთახმების ხელმოწერაზე ფოკუსირება.

“რუსეთი და მისი მოკავშირეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით დარწმუნებული არიან, რომ ჟენევის ფორმატის მთავარ პრიორიტეტად რჩება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპლექსური კითხვები. ამის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია ერთი მხრიდან საქართველოს, ხოლო მეორე მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერაზე ფოკუსირება. ამის საჭიროებას კიდევ უფრო აძლიერებს დასავლეთის მხრიდან თბილისის ნატოში შეყვანის აქტიური ძალისხმევა, რასაც მოწმობს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები, მათ შორის ბოლო პერიოდში გამართული ალიანსის მრავალეროვნული სწავლება მტკიცე სული 2021.

ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა უმეტესობა თვლის, რომ სიტუაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ საზღვრისპირეთში შედარებით სტაბილური რჩება. რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით კი რუსული მხარის შეთავაზებაა, რომ დაიწყოს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, რასაც მათი შემდგომი დემარკაცია მოჰყვება. ამ პროცესში მოსკოვს მხარს აქტიურად უჭერს ცხინვალი და სოხუმი.

გარდა ამისა, რუსეთის მხარემ ცალკე გაამახვილა ყურადღება საქართველოს დესტრუქციული პოლიტიკის კონტრპროდუქტიულობაზე. მტრული პოზიციის დაკავებით და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, რომლებშიც არ მონაწილეობენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ტენდენციური დოკუმენტების გატანით, ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე გარკვეული საკითხების განხილვას.

პირველ რიგში, საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციაზე, რომელსაც თბილისი ყოველწლიურად წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მსოფლიოსთვის ცალმხრივი და პოლიტიზირებული ხედვის წარდგენა გაეროს ტრიბუნებიდან, რაშიც არ მონაწილეობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, შეუძლებელს ხდის დიალოგს ჟენევის დისკუსიების ეგიდით მოცემულ პრობლემაზე”,– წერია რუსეთის საგარეოს განცხადებაში.