საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა მელიას იმპიჩმენტი კონსტიტუციურად მიიჩნია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მე-9 მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა მელიას საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია მისი იმპიჩმენტის საკითხი. გადაწყვეტილება სასამართლომ 25 სექტემბერს მიიღო.

სასამართლოს განცხადებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები კონსტიტუციითაა რეგულირებული და შესაბამისად მათ იმსჯელეს მხოლოდ იმ საკითხზე რას ნიშნავს “კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი” და “დანაშაული”.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში წერია, რომ მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ აღუდგება მას უფლებამოსილება, რადგან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონმდებლობაში მისი გასაჩივრების მექანიზმი არ დევს.

საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებს:

  • ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები არამხოლოდ საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებენ, არამედ ხალხის სახელითაც მოქმედებენ. დემოკრატის მოთხოვნა კი ისაა, რომ არ დაიგნორდეს ხალხის ნება;
  • პარლამენტარის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა დემოკრატიული პროცესი და ქვეყნის დემოკრატიულობის გარანტია;
  • პარლამენტის მიმართ ხალხის ნდობა მისი ეფექტური მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამამტყუვნებელი განაჩენის შემთხვევაში პარლამენტის წევრი აღარ უნდა აგრძელებდეს მუშაობას, ვეღარ გაამართლებს ამომრჩევლის მოლოდინს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხალხის მიერ პირის არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგაც სარგებლობს პირი ამომრჩევლის თავდაპირველი ნდობითა და დამოკიდებულებით. “შეიძლება ითქვას, რომ ხალხის, მათ შორის, მისი ამომრჩევლების არსებით ინტერესებში უფრო ხელისუფლებისაგან მისი ჩამოცილება უნდა იყოს, რათა დაცული იქნეს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მაღალი ავტორიტეტი და მის მიმართ საზოგადოების ნდობა”.
  •  სისხლის სამართლის მიზნებიდან გამომდინარე, ყველა მსჯავრდებული თანაბარ პირობებში იმყოფება, თანაბარი სტატუსი აქვთ და ამ სამართალურთიერთობაში განხილული უნდა იქნენ არსებითად თანასწორ პირებად ყველა სხვა მსჯავრდებულთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს არავითარ უფლებას თუ გარანტიას იმისა, რომ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს და აღსრულდეს სხვა დროს, უფრო გვიან, ვიდრე ეს სხვა მსჯავრდებულებისათვის არის დადგენილი შესაბამისი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. ასეთ დიფერენცირებულ მიდგომას არ გააჩნია კონსტიტუციური დასაყრდენი არც საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში და არც კონსტიტუციის რომელიმე სხვა ნორმაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობა ასეთია: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, თამაზ ცაბუტაშვილი.

 “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ნიკა მელიას უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს, 88 დეპუტატის მხარდაჭერით შეუწყვიტა. უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო ბანკ “ქართუს” გაკოტრების მცდელობის საქმეზე.

2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.