საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა იწყება.ოპოზიცია ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს

ამ კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების  საყოველთაო საჯარო განხილვა იწყება. ცვლილებების მიხედვით პარლამენტში მანდატების თანაფარდობა 120/30 პრინციპით უნდა შეიცვალოს, ანუ 120 დეპუტატი პროპორციული წესით, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

პანდემიის გამო საჯარო განხილვა  ღია ეთერში მოხდება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს. სახალხო განხილვის შემდეგ, პროცესი ისევ პარლამენტში გადაინაცვლებს. გეგმის მიხედვით, კონსტიტუციაში  ცვლილებები  ივნისის ბოლომდე უნდა შევიდეს.

ოპოზიცია კვლავ აცხადებს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება. ოპოზიცია ივანიშვილს გუნდს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მხრიდან ცვლილებებს მხარდაჭერა არ ექნება.