საარჩევნო ცვლილებების მისაღებად ხმები ევროპული საქართველოს გარეშეც საკმარისია – ჟორჟოლიანი

სოციალ-დემოკრატების ლიდერი, გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის მისაღებად ხმები ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარეშეც საკმარისია.

“პატრიოტთა ალიანსიდან, სოციალ-დემოკრატებისგან და დამოუკიდებელი დეპუტატებისგან გვექნება ხმების ის რაოდენობა, რაც სავსებით საკმარისია. ქართულ ოცნებასთან ერთად 113-ზე ბევრად მეტი ხმა იქნება. ვფიქრობ, მხოლოდ აქედან 120-მდე ხმა იქნება. თუ ამას ევროპული საქართველოც დაემატება, კიდევ მეტი ხმა იქნება. თუ არადა, სავსებით საკმარისია. ევროპული საქართველოს გარეშეც ეს ცვლილება მიღებული იქნება”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, დაუჭერენ თუ არა ცვლილებას მხარს ენმ და ევროპული საქართველო, ეს ცვლილება პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება.

„მგონია, ორივეს კარგად ესმის, რომ ეს ცვლილება გავა და განსხვავებულად უყურებენ თავიანთ ტაქტიკას. სიმართლე გითხრათ, არავითარ მნიშვნელობას მაგას არ ვანიჭებ, გინდ დაუჭირონ მხარი და გინდ არა. ცვლილება გადის არა იმიტომ, რომელი პარტია უჭერს მხარს და რომელი – არა. ეს ცვლილება სასარგებლო იქნება საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის, ამომრჩევლებისთვის და ვფიქრობ, მეტი წარმომადგენლობისთვის პარლამენტში. თუ ვიღაც ამას მხარს არ დაუჭერს, ე.ი მას, რაც მე ჩამოვთვალე, ესენი არ უნდა“, -განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს “ევროპული საქართველო” დღეს, პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერს, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.