საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერ, თუ არჩევნები გახდება სავალდებულო – კვიციანი

დეპუტატი ემზარ კვიციანის აზრით, საქართველოში ვერ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, თუ ის ყველასთვის სავალდებულო არ იქნება.

“ერთხელ მოვსინჯოთ, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, მშვიდობიანი არჩევნები კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს ჯობია. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება საქართველოში სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც არ ჩატარებულა არასდროს, თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი არჩევნები. თუ გვინდა, რომ ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეს”,- თქვა კვიციანმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნები სავალდებულო არ გახდება, ის ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მისცემს.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, მე ხმას ვერ მოგცემთ ამ ცვლილებაზე. კი, მე მიმაჩნია, რომ საჭიროა ეს ცვლილება და ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ამ ცვლილებას, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი”,- განაცხადა კვიციანმა.