სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია.

“ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა ამ დაავადების ირგვლივ. მოკლე ინფორმაცია სალმონელოზზე:

ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც შეიძლება დაგვემართოს ადამიანის ან ცხოველის ფეკალიით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით.

ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები.

ინფიცირება შეიძლება ასევე მოხდეს ცურვის დროს (აუზში – ადექვატურად ქლორირება ამ რისკს თავიდან გვაცილებს, ტბაში, მდინარეში).

შეიძლება პროდუქტი თერმულად კარგად იყოს დამუშავებული, მაგრამ ინფიცირების რისკი შეიქმნას მისი დაბინძურებით უმი პროდუქტებიდან – მაგალითად, უმი ხორცის ან ქათმის დაჭრის შემდეგ გამოყენებული დანის, დაფის, სამზარეულოს ზედაპირების არასაკმარისად გარეცხვის/დამუშავების შედეგად.

ასევე რისკის შემცველია ხელის არასაკმარისი დაბანა, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს უმი პროდუქტით.

ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში (რესტორნებში და სახლის სამზარეულოში) მკაცრად იყოს გამიჯნული უმ ხორცზე/ქათამზე გამოყენებული დაფები/ჭურჭელი და თუ სამზარეულოს ზედაპირი დაბინძურდა ხორცით/ქათმით/უმი კვერცხით, კარგად იყოს გასუფთავებული.

ძალიან მნიშვნელოვანია სალათის ფურცლების/მწვანილის ზედმიწევნით გარეცხვა.
მზა საჭმელი დიდხანს არ უნდა დარჩეს გარეთ, მალე უნდა მოთავსდეს მაცივარში, რომ თავიდან ავიცილოთ სალმონელას/სხვა ბაქტერიების გამრავლება.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმებში დაკვლის და შეფუთვის დროს დაცული იყოს წესები და არ მოხდეს ხორცის/ქათმის დაბინძურება, თუმცა თუ სამზარეულოში უმი პროდუქტის დამუშავებისას ზემოთ აღწერილ წესებს დავიცავთ, ადამიანის ინფიცირების რისკს მინიმუმამდე შევამცირებთ.“– წერს მაია ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 ადამიანის ინტოქსიკაციის შემდეგ “ნიკორა ტრეიდს“ მზა კერძების წარმოება შეუჩერა