სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის ოჯახს – აშშ-ს საელჩო

აშშ-ის საელჩო 27 წლის ექთნის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან. მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე”,- აცხადებს საელჩო.

ცნობისთვის, ახალციხეში, გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. ექთანი დღეს, დაახლოებით 12 საათზე გარდაიცვალა.