სამხარაულის ბიურომ სსრკ 1978 წლის ბრძანებით იხელმძღვანელა – “ემპათია” სააკაშვილის საქმეზე

სამხარაულის ბიურომ სსრკ 1978 წლის ბრძანებით იხელმძღვანელა – აცხადებს ცენტრი “ემპათია” იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებების შეფასებისას.

“დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე. ამგვარი მოქმედება სხვა პატიმრის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია.

გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზები 08/12/2022 – ის მდგომარეობით შეესაბამება კლინიკა „ვივამედ“ – ში თუ გორის ჰოსპიტალში დასმულ დიაგნოზებს, მაშასადამე, მინისტრის განცხადება, როგორც მინიმუმ, არ შეესაბამება სიმართლეს.

რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზებს: იგი დადასტურებულია 4 ფსიქიატრის (2 ქართველი ფსიქიატრი, 1 ამერიკელი და 1 ინგლისელი ფსიქიატრის მიერ), ასევე 1 ქართველი და 1 ამერიკელი ნევროლოგის მიერ: კლინიკურ, ანამნეზურ/კატამნეზურ, ფსიქომეტრულ, კლინიკურ – ფსიქოლოგიურ და ინსტრუმენტულ კვლევებზე დაყრდნობით. ასევე დადასტურებულია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N7 (06/12/2022) – ის მიერ, რაც ასევე სასამართლოში არის წარდგენილი. ასევე გაუგებარია, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ცოცხალი პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე როგორ იმსჯელა პირადი შემოწმების გარეშე.

რაც შეეხება „წამება“ – ზე ექსპერტთა განცხადებებს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იგი „არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას“ – იუსტიციის მინისტრი გულისხმობს: სსრკ ბრაძანება N1208, ქ. მოსკოვი 1978, რითიც ამჟამადაც ხელმძღვანელობს სამხარაულის ბიურო.

აქვე კიდევ ერთხელ ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სადაც იუსტიციის მინისტრი და პანიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, სამედიცინო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ურთქმელიძე, რომელიც მაშინ გორის ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, შესაძლო ფიგურანტები არიან, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მხარეს.

და ბოლოს, ცენტრი „ემპათია“ კვლავ ელოდება სამხარაულის ბიუროს დასკვნის დასკვნას, აღნიშნულის გაცნობის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს პრესს – კონფერენციას, ასევე ჩატარდება დასკვნის დასკვნაზე ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს განვიხილავთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ – ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის მცდელობად, ასევე სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად.”- აცხადებს “ემპათია”