სამხედრო ბაზიდან, საითაც სუს-ის ჯიპებმა გადაუხვიეს, არის საიდუმლო გზა მაწევანამდე- რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ამსახველი მხოლოდ მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა.

რამიშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურის განცხადება, თითქოს სუს-ის ეს სამი მანქანა ბაჩალიაშვილის მანქანას მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე მიჰყვებოდა, არაფერს ამტკიცებს, ვინაიდან სამხედრო ბაზიდან, საითაც ამ მანქანებმა გადაუხვიეს, საიდუმლო გასასვლელია, “გზა, რომელიც ტაბახმელის გავლით პირდაპირ მაწევანამდე მიდის”.

“ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომელ საათზე, რა დროს გამოდიან აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან. თუ არ გამოდიან, რამდენი ხანი რჩებიან იქ. ასევე, რომელი და რა გრაფიკით გადაადგილდება აღნიშნული სამი ჯიპი შავნაბადას ტერიტორიამდე. ასევე, ვითხოვთ სატელიტურ ფოტოსურათებს. ასევე, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას”, – განაცხადა რამიშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ დღეს ვიდეო და განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც უწყება ამტკიცებს, რომ სუს–ის 3 მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. პროკურატურა ირწმუნება, რომ ეს 3 მანქანა იმ დროს, როცა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროსკენ მიდიოდა, გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.