სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტის დაბრუნებას მოითხოვს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უკვე 6 000–ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას მოთხოვნით, დიდმა ბრიტანეთმა უკან დაუბრუნოს მათ ქვეყანას მსოფლიოში  ყველაზე დიდი ალმასი–“აფრიკის ვარსკვლავი“, ანუ   “კულინანი“,რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ქვეყანამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აჩუქა.

ეს მოთხოვნა აქტუალური დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ გახდა, წერს CNN.

სამხრეთ აფრიკელი აქტივისტი, ტანდუკსოლო საბელო აცხადებს, რომ ალმასი სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს სამხრეთ აფრიკაში.

“ჩვენი და სხვა ქვეყნების სასარგებლო წიაღისეულს კვლავ მოაქვს სარგებელი დიდი ბრიტანეთისთვის ჩვენი ხალხის ხარჯზე“– ამბობს ის.

პეტიციაზე ხელმომწერი მოქალაქეები თვლიან, რომ ალმასი სამხრეთ აფრიკის მუზეუმში უნდა გამოიფინოს.

ქვეყნის პარლამენტის წევრი, ვუიოლვეტუ ზუნგულა მოუწოდებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობას, მოითხოვოს ბრიტანეთის მიერ მიყენებული მთელი ზიანის ანაზღაურება და მთელი ოქროს და ალმასების დაბრუნება, რაც კი სამხრეთ აფრიკიდა ბრიტანეთში წაიღეს.

მასალაში ნათქვამია, რომ ბრილიანტი “კულინანი“ მეფე ედუარდ მეშვიდეს 1907 წელს აჩუქეს. თუმცა, სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ევერისტო ბანიერა დარწმუნებულია, რომ ყველა მსგავსი “კოლონიალური გარიგება“ ამორალურია.

ალმასი ცხრა მსხვილ ქვად და 96 უფრო მომცრო ნაწილად გაიყო. ყველაზე მსხვილი ბრილიანტი სამეფო  სკიპტრში ჩასვეს, სიდიდით მეორე ქვა კი იმპერატორის გვირგვინში. დედოფალი ელისაბედ მეორე ბევრ პორტრეტზე ამ ქვებით არის გამოსახული.

სამხრეთ აფრიკის ოპოზიციური პარტიის–“ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლთა“ პარტიის წარმომადგენელი ლი–ენ მეტისი დიდ ბრიტანეთს კოლონიურ პოლიტიკაში და აფრიკული მაღაროების მითვისებაში ადანაშაულებს, რომლებიც ძირძველ მაცხოვრებლებს ეკუთვნოდა.

“ჩვენ მოვუწოდებთ რეპატრიაციისკენ ყველა კოლონიალური ძარცვისთვის, მათ შორის “აფრიკის ვარსკვლავის“ მოპარვისთვის“– ამბობს ის.