”სამხრეთ ოსეთი ისევ რუსეთის ნაწილი იქნება” – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი

“როგორც კი დადგება ამის დრო, სამხრეთ ოსეთი ისევ რუსეთის ნაწილი იქნება”  – ამის შესახებ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა Russia 24-ის ეთერში განაცხადა.

“ამ გეგმას აჟღერებდა სამხრეთ ოსეთის თითქმის ყველა პრეზიდენტი და საერთოდ, ეს არის სამხრეთ ოსეთის ხალხის საუკუნოვანი ოცნება. ამის შესახებ ცნობილი ადამიანებიც საუბრობდნენ, პრაქტიკულად ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში. ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაშიც გვქონდა ამის შესახებ საუბარი და აქ საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ გაერთიანებაა საჭირო, არამედ ის, თუ რა მექანიზმები უნდა ვიპოვოთ.

აქ ყველაფერი არ არის დამოკიდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაციის სახით და ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთშეთანხმებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში. გვესმის, რომ რუსეთის ფედერაცია ახლა ატარებს ოპერაციას უკრაინაში ნეო ფაშისტების წინააღმდეგ, ამიტომ, როგორც კი დადგება ამის დრო, სამხრეთ ოსეთი ისევე იქნება რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც ეს ადრე იყო. რაც შეეხება რეფერენდუმს, ჩვენ ის ადრეც ჩაგვიტარებია და მზად ვართ, ახლაც ჩავატაროთ. შესაბამისი ნაბიჯების შეთანხმების შემდეგ”, – თქვა გაგლოევმა