საპატრიარქო სამართლიანი სასამართლოს უფლებას ითხოვს – ხვიჩია პანსიონზე

პარტია “გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება საპატრიარქოს განცხადებას, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ხვიჩიას თქმით, საპატრიარქო სამართლიანი სასამართლოს უფლებას ითხოვს.

“საინტერესო განცხადებაა, მგონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საპატრიარქო სამართლიანი სასამართლოს უფლებას ითხოვს და თუ განცხადების მეორე პუნქტში მითითებული გარემოება დადასტურდა, გამოდის რომ არცთუ უსაფუძვლოდ”,– წერს ის საკუთარ Facebook-გვერდზე.

საპატრიარქოს განცხადებით, პანსიონიდან ბავშვების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან “არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ”.

ცნობისთვის, გუშინ სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა, შესაბამისად, დაწესებულებიდან არასრულწლოვნების გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.