საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს, რომელიც ცოლზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. თავად ბრალდებული საქმის დეტალებზე არ საუბრობს და საზოგადოებას გამოძიების დასრულებამდე მოცდას თხოვს.

ცინარიძე პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.