სარჯველაძე: თუ პირი უარს აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, ამის უფლება აქვს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება, თითქოს ამნისტიის კანონპროექტის რომელიმე დებულება ვინმეს პატიმრობაში დასატოვებლად არის გამიზნული. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, ნიკა მელიას ექნება შესაძლებლობა, უარი განაცხადოს ამნისტიაზე.

“იმ შემთხვევაში თუკი პირი უარს განაცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, იქვე არის კანონპროექტში მითითებული, რომ ეს უარი არ იქნება შეუქცევადი და პირს, რომელმაც ერთხელ უარი განაცხადა ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე, იმ შემთხვევაში თუკი ის სასამართლოს მხრიდან გამტყუნებული იქნება, შესაძლებლობა ექნება შეცვალოს გადაწყვეტილება, გაიწვიოს უკან თავისი უარი და შესაბამისად, მიიღოს ამნისტია. უპირატესობა მიენიჭება პირის ნებას, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი და მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც გახლავთ კონვენციური ვალდებულება.

რა არის აქ ჩიხის მომასწავებელი, გაუგებარია, საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ის იქნას განსჯილი და ამის გამო უარს აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე, მას ამის უფლება გააჩნია და თუ მიმართავს საგამოძოებო ორგანოს ან სასამართლოს, რომ სურვილი აქვს მის მიმართ ამნისტია არ გავრცელდეს, ეს დაკმაყოფილდება, მე ვფიქრობ, პირიქით რომ ყოფილიყო ფორმულირებული და უარის მიუხედავად ამნისტია გავრცელებულიყო, მაშინ ნამდვილად იქნებოდა საპრეტენზიო”,– ამბობს სარჯველაძე.

მისივე შეფასებით, “ლოგიკური იქნება”, თუ ნიკა მელია ამნისტიით ისარგებლებს.