სასამართლომ გამოცდების ცენტრს დაავალა, ქრისტიან–ადვენტისტ 2 აბიტურინტს გამოცდა გადაუტანოს

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 16 ივლისის დროებითი განჩინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, რომ ორ აბიტურიენტს, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ შაბათ დღეს (18 ივლისს) დანიშნულ ინგლისური ენის გამოცდაში, გამოცდა გადაუტანოს 17 ან 19 ივლისს.

ორმა აბიტურიენტმა, რომლებიც არიან მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები, გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. TDI-ის განცხადებით, ცენტრმა მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა, რითაც დაირღვა განმცხადებლების რელიგიის თავისუფლება, განათლებისა და თანასწორობის უფლება.

“სასამართლომ აღნიშნა, რომ შაბათ დღეს დანიშნულ სესიაში აბიტურიენტების განაწილება, შესაძლოა განპირობებული იყოს ლეგიტიმური მიზნით, ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის დადგენა ხდება კანონის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული წესით. თუმცა მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებში ჩარევა, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც, არ არის გამართლებული, რადგან ჩარევა უნდა იყოს შეზღუდვის პროპორციული და აუცილებელი. შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული ღონისძიება ზღუდავს განმცხადებელთა რწმენის, აღმსარებლობისა და განათლების უფლებებს”,

ინგლისური ენის გამოცდის სესიები, გარდა შაბათისა, დანიშნულია ასევე პარასკევს და კვირას (17 და 19 ივლისს). ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელთა გამოცდის სხვა სესიაზე გადანაწილება შესაძლებელია, რომ ეს არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებას და არ უნდა მოხდეს აბიტურიენტების რწმენის, აღმსარებლობის და განათლების უფლებებში ჩარევა.

TDI-მ, რომელიც იცავს ორი აბიტურიენტის ინტერესებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით 15 ივლისს მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავალებოდა დაგეგმილი ერთიანი ეროვნული გამოცდის გადატანა 17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა.