სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი, რომლითაც ის  ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.

ორგანიზაციის ინფორმაციით სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.  ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ამავე საქმეზე ჩოგბურთელის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

ბასილაშვილის ცოლი ამბობს, რომ  ყოფილმა ქმარმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისი თქმით დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა.

ბრალდებებს უარყოფს ბასილაშვილის ოჯახიც. საქმის გახმაურების პირველ ეტაპზე საჯარო განცხადებების შემდეგ ორივე მხარემ დავის პროცესში საჯაროობაზე უარის თქმა ამჯობინა. ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს.