სასამართლომ შოთა დიღმელაშვილს, წილოსანისთვის 100 ლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორს, შოთა დიღმელაშვილს, „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის 100 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, თავად შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქმე ეხება წილოსანის ბიზნესპარტნიორის, ლევან ჭანტურიძის მიერ ქუთაისში, ბავშვთა სახლის აშენებაზე მოგებულ ტენდერს. შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ შენობა აშენებიდან მალევე ჩამოინგრა. აუდიტის სამსახური კი, რომელიც საკითხს სწავლობდა, ამბობდა რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოებზე 4 მილიონის ნაცვლად 2 მილიონი დახარჯა, ქუთაისს კი დაუსრულებელი პროექტი ჩაჰბარდა. დიღმელაშვილი ასევე აცხადებს, რომ ამ დასკვნებს ნინო წილოსანის პარტნიორის მიმართ არ მოჰყოლია არანაირი სამართლებრივი მსვლელობა და დასაჭერი ლევან ჭანტურიძე კვლავინდებურად ნინო წილოსანისა და მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორია რამდენიმე კომპანიაში.

”სასამართლომ ნინო წილოსანისთვის 100 ლარის გადახდა დამაკისრა მას შემდეგ, რაც კალთები ჩამომახიეს მორიგებაზე და უარი ვუთხარი, მურუსიძის სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩემი ბრალდება ნინო წილოსანის მიმართ, რომ იგი თავის ბიზნესპარტნიორს მფარველობდა – ცილისწამებაა და სანაროდ უნდა უარვყო.

ამის ნაცვლად შეგახსენებთ, რომ მისმა ბიზნესპარტნიორმა ლევან ჭანტურიძემ მასზე მორგებული ტენდერი მოიგო ქუთაისში ბავშვთა სახლის აშენებაზე და რომ ააშენა, შენობის ნაწილი მალევე ჩამოიშალა. შევიდა აუდიტი და თქვა, რომ 4 მილიონის ნაცვლად 2 მილიონის სამუშაოა ჰქონდა ჩატარებული, ქუთაისს კი დაუსრულებელი პროექტი ჩაბარებული. ანუ სახელმწიფო უწყებამ ივარაუდა და სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ უსახლკარო ბავშვებს ქუთაისის ბიუჯეტიდან მოპარეს 2 მილიონ ლარზე მეტი.

ამ დასკვნებს ნინო წილოსანის პარტნიორის მიმართ არანაირი სამართლებრივი მსვლელობა არ მოჰყოლია. და დასაჭერი ლევან ჭანტურიძე კვლავინდებურად ნინო წილოსანისა და მისი ოჯახის ბიზნესპარტნიორია, თანაც რამდენიმე კომპანიაში. ამიტომ 2019 წელს ერთ-ერთ აქციაზე წილოსანის მომდევნო სულელური გამოხდომის შემდეგ, ეს დასკვნა გავიხსენე, მოვყევი და ვივარაუდე, რომ წილოსანი პარტნიორს მფარველობს, რითიც თურმე ნინო წილოსანი დავაზარალე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო უწყებების დასკვნები არასაკმარისი საფუძველია აქციაზე გამოსვლის დროს ნინო წილოსანის ბიზნესპარტნიორის მიმართ მფარველობაში დასადანაშაულებლად, რადგან ვერ დავამტკიცე, რომ ტენდერი რომ მორგებული იყო, აუცილებლად ნინო წილოსანის გამო იყო მორგებული. არანაირი საქმე რატომ არ აღძრულა პოსტ-ფაქტუმ, ეგ არ ვიცით…
თვალარიდებული განაჩენის კითხვის მოსმენისას ყბა რომ ჩამომივარდა, მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა მიპასუხა: “იურისტი რომ იყოთ მიხვდებოდით”, რაზეც ვუპასუხე, რომ სამართალი არ არის ლეგალისტური ფარსი, რომელიც მხოლოდ იურისტებს უნდა ესმოდეთ. ამის მოსმენამ გააბრაზა და თავის ოთახში გაუჩინარდა განაჩენის ბოლომდე წაუკითხავად.

რავი, პროცესებზე მოსამართლის კითხვების შემხედვარეს (მაგალითად, ნიშნავს თუ არა ბიზნესპარტნიორობა მისი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას… ააა, არა აუცილებლად?) გული მიგრძნობდა რომ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ ავცდებოდი, მაგრამ საბოლოოდ მორიგებაზე მაინც უარი ვუთხარი წილოსანის წარმომადგენლებს და მოსამართლეს, რომელიც დაჟინებით მთხოვდა ამას, ორაზროვანი “რა იცით სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს”-ით.

დიდი მადლობა GDIის და Mari Kapanadze ჩემი დაცვისთვის. ჩვენ კი წავალთ სააპელაციოში, მაგრ ნეტავ ამ სიბინძურის ყველა თანამონაწილე სად წახვალთ, როცა სამართალი მოგაკითხავთ ურმით კი არა და კაი შეკრული საბრძოლო ეტლით?” – წერს შოთა დიღმელაშვილი.

დეპუტატი ნინო წილოსანი მიიჩნევდა, რომ შოთა დიღმელაშვილმა მას ცილი დასწამა, როცა დიღმელაშვილმა მისი ბიზნესპარტნიორის მფარველობაში დაადანაშაულა.