სასამართლოში საოლქო კომისიების შენობებთან აქციაზე დაკავებული 7 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებული აქტივისტების, ნიკა კვიტატიანის და გიორგი ფხალაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ. მისივე თქმით, სასამართლომ არ უნდა დააკანონოს ის უსამართლობა, რაც გუშინ პოლიციამ ჩაიდინა.

ადვოკატ ბექა ბასილაია თქმით, ისნის საარჩევნო ოლქთან დაკავებული 7 აქტივისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.

“ეს დაკავებები ცალსახად უკანონოა და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ ჩაახშოს დემონსტრაციები და საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც აქვს სრულიად ლეგიტიმური საფუძვლები, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. სამართლებრივი ზონიდან ეს ქმედებები უკვე გასულია, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში დავინახეთ მშვიდობიანი დემონსტრანტების სრულიად უკანონო დაკავება”.- თქვა ბასილაიამ

ცნობისთვის, გუშინ თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. დეპუტატებს და კომისიის წევრებს საჩივრის განხილვაზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირევა მოხდა.

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში სამართალდამცველებმა 12 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და 166-ე(წვრილმანი ხულიგნობის) მუხლებით დააკავეს.