სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზელენსკიზე არ მოხდეს ზეწოლა, რომ ის ცუდ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს-ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მსოფლიოს წამყვანმა ძალებმა არ უნდა აიძულონ უკრაინა, ხელი მოაწეროს ცუდ სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან. ბორის ჯონსონმა აღნიშნული განცხადება დღეს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

პრემიერის პრესსპიკერის ცნობით, “მან თქვა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზელენსკიზე არ მოხდეს ზეწოლა, რათა ის ცუდ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს, რადგან ცუდი შეთანხმებები დროს ვერ უძლებს. მან თქვა, რომ მსოფლიომ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი გამოსავალი, სადაც ისე გამოჩნდება, თითქოს პუტინის უკანონო აგრესიამ ნაყოფი გამოიღო”.

ჯონსონმა, რომელიც ორშაბათს ბრიტანელი კანონმდებლების მიერ წამოწყებულ უნდობლობის გამოცხადებას პროცესს გადაურჩა, მინისტრებს ასევე უთხრა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერის საქმეში კვლავ “ფრონტის წინა ხაზზე დარჩება”. შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმის გამო, ლონდონი რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, პოპასნას მიმართულებით უკრაინის მიერ მიერ მიღწეული პროგრესი, ბოლო კვირის განმავლობაში ჩიხში შევიდა. რუსეთის მიერ იზიუმის ინტენსიური დაბომბვა კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩრდილოეთით შეტევა ისევ განახლდება – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გავრცელდა.

“რუსეთს თითქმის დანამდვილებით დასჭირდება გარღვევის მიღწევა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებით მაინც, რათა ეს ტაქტიკურ წინსვლად იქნას აღქმული, დონეცკის ოლქის სრულად გაკონტროლების პოლიტიკური მიზნის მხრივ” – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ.