საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. თუმცა, მრევლს ამის შესაძლებლობა არ მიეცემა.
“გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.
სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ”,- წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგასხენებთ, რომ დღეს 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით აიკრძალა ავტომობილებით გადაადგილება. ასევე, სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.
15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.
პაატა იმნაძე და სხვა ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. იმნაძის თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.