საუბრები რომ არ ყოფილიყო, მონტაჟი ვერ მოხდებოდა – მდინარაძე ჩანაწერებზე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დარწმუნებული იყო, რომ ბერა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ჩანაწერები ფაბრიკაცია იყო.

მისი თქმით, მათ საუბრები ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ეს დაამონტაჟეს.

“სანამ პროკურატურა ამ ვერსიას გაახმოვანებდა, მე პირადად როგორც ერთი ადამიანი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, საუბრები არსებობდა, რომლისგანაც მონტაჟი მოხდა. ასეთი საუბრები რომ არ ყოფილიყო, მონტაჟი ვერ მოხდებოდა. მონტაჟი იცით რომ აბსოლუტურად ცვლის კონტექტს”,– განაცხადა მდინარაძემ.

პროკურატურის მტკიცებით, “TV პირველის” ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ფრაზები “მინისტრები” და “ტრი ტრი” სიტყვების მონტაჟის შედეგად არის მიღებული.

მათივე განცხადებით, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერები 2011–2012 წლებშია ჩაწერილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, 2021 წლის 12 მარტს ამბობდა, რომ ჩანაწერები 11 წლის წინ იყო ჩაწერილი, ბერას მიერ ნახსენებ “მინისტრებს” კი იმით განმარტავდა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა წინა ხელისუფლებაში მყოფ რამდენიმე მინისტრთან.