საფრანგეთში კოვიდ-საშვს უკვე ყველგან ითხოვენ

საფრანგეთმა კოვიდ-19-ის პანდემიის მართვაში რადიკალური ნაბიჯი გადადგა. ორშაბათიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც სპეციალური კოვიდ-საშვის გარეშე, მცირე ზომის დახურულ სივრცეში შესვლასაც კრძალავს. ამ საშვის არქონის შემთხვევაში, ადამიანები ვერც თვითმფრინავით ან მატარებლით იმგზავრებენ და ვერც საყვარელ რესტორანში და კაფეში მოხვდებიან.

რეგულაცია ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ივლისში, რეგულაციის ნაწილობრივი შემოღებით, საფრანგეთის მთავრობამ კოვიდ-19-ზე ვაქცინაციაში დიდ წარმატებას მიაღწია. დღეისთვის, დაახლოებით,65 მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის 54%-ზე მეტია სრულად იმუნიზებული. ხელისუფლება ცდილობს პანდემიის მორიგ ტალღას გაუმკლავდეს და ძალზე გადამდები კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელების ფონზე, აღარ დაუშვას ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და სიკვდილობის ზრდა.

საშვი (QR) კოდით, ერთგვარი ორგანზომილებიანი ბარკოდითაა დაშიფრული. ელექტრონულ დადასტურებას ამ კოდით იღებენ ისინი, ვინც კოვიდ-19-ზე აიცრა, ან აქვს დროის მოკლე ინტერვალში აღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი. ახალი რეგულაცია საფრანგეთში ჩასულ ტურისტებზეც ვრცელდება. კოვიდ-საშვი საფრანგეთში ივლისში მხოლოდ მასობრივ ღონისძიებებზე მოქმედებდა, როგორიცაა სპორტული დარბაზები, კონცერტები, კინოთეატრები, კონფერენციები და ა.შ.

ჯარიმა პირველ შემთხვევაზე 135 ევროა. საშვს საავადმყოფოებიც ითხოვენ და გამონაკლისს მხოლოდ სასწრაფო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები შეადგენენ. ჯანდაცვის მუშაკებს კოვიდ-19-ზე იმუნიზაცია კანონით მოეთხოვებათ. მათ მთავრობამ აცრის საბოლოო ვადად 15 სექტემბერი დაუწესა.