საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლეს

48 წლის მამაკაცმა საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პიუ–დე–დომის დეპარტამენტში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით გარდაიცვალა სამი ჟანდარმი, ერთი დაჭრილია.

მსროლელი მამაკაცი ადგილობრივი მედიის ცნობით გარდაცვლილი იპოვნეს.

ინციდენტი წუხელ მოხდა. პოლიციელები გამოძახებაზე ოჯახური ძალადობის შესახებ ზარის შემდეგ მივიდნენ და შეეცადნენ გადაერჩინათ ქალი, რომელიც სახლის სახურავზე იყო დამალული.

როგორც კი პოლიციელები შენობას მიუახლოვდნენ, მამაკაცმა სროლა დაიწყო.

სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით თავიდან მამაკაცმა ერთი ჟანდარმი მოკლა, შემდეგ კი სახლი დაწვა. დამხმარე ძალის მისვლის შემდეგ კი მან კვლავ გახსნა ცეცხლი და კიდევ ორი პოლიციელი მოკლა. ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტო ასევე იტყობინება, რომ მამაკაცი ადრე პოლიციის თვალთახედვის არეში უკვე არაერთხელ მოხვდა ოჯახური ძალადობის გამო.

მოგვიანებით კომუნის მერმა განაცხადა, რომ ოპერაცია გრძელდება და მამაკაცი ჯერ დაკავებული არ იყო.

“სახლი მთლიანად განადგურებულია, ამიტომ უცნობია, მსროლელი გარდაიცვალა თუ გაიქცა“ – განაცხადა ტელეინტერვიუში ჩინოვნიკმა. მოგვიანებით საფრანგეთის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ მამაკაცი გარდაცვლილია.

ქალი, რომელიც სახლის სახურავზე იმალებოდა ამჟამად უსაფრთხოდ არის. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, ჟან კასტეკქსმა ტვიტერზე დაწერა, რომ ეს ტრაგედია ყოველ ფრანგს შეეხო. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუთქვა.