საფრთხემ არ გადაიარა, პუტინს შეუძლია სხვა შეარჩიოს იმისთვის, რომ იგივე გაიმეოროს – გაბუნია

მთავარი არხის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ სავარაუდოდ მისი ლიკვიდაციისთვის გამოგზავნილი კაცის დაკავებით საფრთხეს არ გადაუვლია. მისი თქმით, პუტინს შეუძლია ნებისმიერი სხვა დაქირავებული მკვლელი შეარჩიოს იმავეს გასამეორებლად.

“არა, რა თქმა უნდა, არ გადაიარა საფრთხემ. მიამიტობა იქნებოდა, რომ ვიფიქრო, რომ მხოლოდ 1 ადამიანია, რომელსაც დააკავებენ და მორჩა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მთავარი, ვისგანაც ეს ყველაფერი მოდის არის ვლადიმერ პუტინი და მას ნებისმიერი სხვა შეუძლია შეარჩიოს იმისთვის, რომ იგივე გაიმეოროს. შეიძლება ამ შემთხვევაში როდესაც ეს ერთხელ არ გამოუვიდა, უფრო მეტი საბაბიც ჰქონდეს, რომ დაუმტკიცოს ყველას, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება, თუ მოინდომებს”,- ამბობს გაბუნია ტვ პირველის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი პროფესიის მიხედვით არ არჩევს თავის მტრებს, ამიტომ საფრთხის ქვეშაა ყველა მოქალაქე.

ჟურნალისტის თქმით, 1 წლის წინ ვერ იფიქრებდა, რომ ეს პროცესი ასეთ მასშტაბებს შეიძენდა.

“სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ჩემდა უნებურად, მე განვაპირობე ეს ყველაფერი, მაგრამ ასეთ მასშტაბებს თუ მიიღებდა ეს პროცესი, რა თქმა უნდა , 1 წლის წინ მე წარმოდგენაც არ მქონდა. რომ მე გავხდებოდი ამ გლობალური საფრთხის კიდევ ერთი მაგალითი. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი ყველა ქვეყანაში ასე უსწორდება თავის მტრებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა იმას, რასაც ერთი კვირის საუბრობდა ამერიკა – გლობალური უსაფრთოხება, რომელიც დგას საფრთხის წინაშე და რომელსაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლება და პირდაპირ მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის სახით”,- თქვა გიორგი გაბუნიამ.

გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

შემდეგ ამ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვასამბეგ ბოკოვი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს, თუმცა თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.